ღვალაძე, ელეფთერ
ვიკიპედიიდან
ელეფთერ ღვალაძე (1879, სოფ. მორძგვეთი (ჭიათურის რაიონი) - 1955, თბილისი), ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი, გამოჩენილი მეცნიერ-ბიოქიმიკოსის, პროფესორ ვარლამ ღვალაძის (1893-1944) უფროსი ძმა.
დაიბადა ზემო იმერეთის სოფელ მორძგვეთში, სადაც მსახურობდა მამამისი, დეკანოზი ზაქარია ღვალაძე. წარმოშობით ელეფთერ ღვალაძე იყო სოფ. სვერიდან (ჭიათურის რაიონი).
დაამთავრა საოსტატო სემინარია და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჭიათურასა და თბილისში. იგი იყო ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორი (ამ სასწავლებელში ასწავლიდა პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ივანე (ვანო) გომელაური). ელ. ღვალაძე არჩეული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და ამ საზოგადოების ჭიათურის განყოფილების მდივნად. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, იაკობ გოგებაშვილთან, აკაკი წერეთელთან, ვასილ წერეთელთან, კიტა აბაშიძესთან და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან. 1907 წელს ხელმძღვანელობდა ჭიათურის პედაგოგთა დელეგაციას ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე.