ჰუსი, იან
ვიკიპედიიდან
იან ჰუსი (Jan Hus) (* 1371, ჰუსინეცი ― † 6 ივლისი, 1415, კონსტანცა), ჩეხი ხალხის ეროვნული გმირი, ჩეხური რეფორმაციის იდეოლოგი, მქადაგებელი.
1393 დაამთავრა კარლის უნივერსიტეტი პრაღაში. 1396-დან მაგისტრი, 1401-1402 - თავისუფალ ხელოვნებათა ფაკულტეტის დეკანი, 1402-1403 და 1409-1410 კარლის უნივერსიტეტის რექტორია. ჰუსი გამოდიოდა ჩეხი ხალხის, ჩეხური ენისა და კულტურის ეროვნული უფლებების დასაცავად, ილაშქრებდა გერმანელი მოძალებისა და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ.
ჰუსი ეზიარა ინგლისელი რეფორმატორის ჯ. ვიკლიფის და ჩეხი მქადაგებლების იან მილიჩის და მათე იანოველის იდეებს. მათზე დაყრდნობით ჰუსმა შექმნა მწყობრი მოძღვრება, რომელშიც იგი მოითხოვდა საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნას, ეკლესიის ძირეულ რეფორმას ადრინდელი ქრისტიანული ეკლესიის ყაიდაზე და საეკლესიო მიწების სეკულარიზაციას. მორწმუნეთა ქცევის ნორმად ის აცხადებდა საღმრთო წერილს. გაბატონებული კლასებისათვის ხელისუფლების შენარჩუნების უმთავრესი პირობა უნდა ყოფილიყო "საღმრთო სჯულის" დაცვა. ამ უზენაესი ნორმის დარღვევა მათ ქვეშევრდომებს ათავისუფლებდა მორჩილებისაგან. ამ დებულებიდან შემდგომში ტაბორიტებმა პრაქტიკული რევოლუციური დასკვნები გამოიტანეს.
1410 პაპმა შეაჩვენა ჰუსი. 1412 ჰუსმა გაილაშქრა ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ, რისთვისაც პრაღა დაატოვებინეს. სამხრეთ ჩეხეთში ჰუსმა 2 წელი იცხოვრა. აქ დაასრულა მან თავისი ტრაქტატი "ეკლესიის შესახებ"(1413) და ბიბლიის ჩეხური თარგმანი, აქვე შექმნა ჩეხური ენის ორთოგრაფია. 1414 ჰუსი გამოიძახეს კონსტანცის საეკლესიო კრებაზე. მიუხედავად იმპერატორ სიგიზმუნდის მიერ ნაბოძები შეუვალობის სიგელისა, კონსტანცაში ჩასული ჰუსი დააპატიმრეს 1414 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო 1415, როგორც უტეხი ერეტიკოსი - კოცონზე დაწვეს. ჰუსის მოწამებრივმა სიკვდილმა დააჩქარა ჩეხეთში რევოლიციური მოძრაობა, რომელსაც მისივე რეფორმისტული იდეები ედო საფუძვლად(ჰუსისტური ომები 1419-1437).