ამბროლაურის რაიონი
ვიკიპედიიდან
ამბროლაურის რაიონი - ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრაში, 1921-დან - რაჭის მაზრაში, 1928-დან - რაჭა-ლეჩხუმის მაზრაში, 1930-დან დამოუკიდებელი რაიონია. 1951-53 წლებში შედიოდა ქუთაისის ოლქში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მდებარეობს კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ტერიტორია - 1141 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 240 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნისწყალი, რიცეულა, ასკისწყალი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი, თაბაშირი.
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობის რიცხოვნობა - 16 ათასი კაცი; სიმჭიდროვე - 16 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 72 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 70 სოფელი.
[რედაქტირება] მმართველობა
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
- ქალაქის საკრებულო - 1: ამბროლაური;
- თემის საკრებულო - 18: ბუგეულის, ველევის, ზნაკვის, იწის, ლიხეთის, ნამანევის, ნიკორწმინდის, სადმელის, სხვავის, ღადიშის, ცახის, წესის, ჭელიაღელის, ჭრებალოს, ჭყვიშის, ხვანჭკარის, ხიდიკრის, ხოტევის.
[რედაქტირება] ეკონომიკა
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. მეხილეობა ვითარდება ძირითადად მთიან ზონაში. მნიშვნელოვანი საწარმოებია: ღვინის ქარხნები, ყველ-კარაქის და აგურის ქარხნები, ლითონური დარიშხანის ქარხანა. რაიონის ტერიტორიაზე გადის ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო გზა.
[რედაქტირება] კულტურა
რაიონში 27 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 უმაღლესი სასწავლებელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რაჭის ფილიალი), 43 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
- მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია: ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს.), ზემო კრიხის, ბუგეულის, პატარა ონის, ბარაკონის ეკლესიების ნანგრევები, რაჭის ერისთავების ციხე - მინდაციხე, კვარაციხე, ხოტევის ციხე და სხვა.
- აგრეთვე კარსტული მღვიმეები, შაორის წყალსაცავი.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე | |
ამბროლაურის რაიონი | ლენტეხის რაიონი | ონის რაიონი | ცაგერის რაიონი |