გაღმამხარი (კახეთი)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გაღმამხარი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გაღმამხარი |
გაღმამხარი, ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძველი ჰერეთის ტერიტორიის ნაწილს, რომელიც მოქცეული იყო მდინარე ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტორია შიდა კახეთის მიმართ "გაღმამხარი" იყო. ეკონომიურად იგი კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა. გაღმამხარის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ გილან - შემახის სავაჭრო გზასთან. ეკონომიურმა განვითარებამ განაპირობა გვიანი ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრის გაღმამხარში (გრემში) გადანაცვლება. XVII-XVIII საუკუნეებში გაღმამხარის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა და დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმებმა. ეს მხარე დიდხანს გაუკაცრიელებული და აოხრებული იყო. თანამედროვე ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით გაღმამხარი მოიცავს ლაგოდეხის, ყვარლისა და ნაწილობრივ თელავის რაიონების ტერიტორიას.