თელავი
ვიკიპედიიდან
ქალაქი საქართველოში, კახეთის მხარის და თელავის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ვაკეზე. ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. მოსახლეობა 21,8 ათასი (2002 წ.).
პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის კლავდიოს პტოლომეს (II ს.) “გეოგრაფიაში” თელედას ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა, XV-XVI სს-ში თელავი ისევ დაწინაურდა. XVII ს-ის მეორე ნახევარში კახეთის მეფე არჩილ II-მ თავისი რეზიდენცია გრემიდან თელავში გადმოიტანა. ამ პერიოდიდან იგი მწიგნობრობის კერად იქცა, 1758 წელს დაარსდა საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც მოგვიანებით სემინარიად გადაკეთდა. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ თელავი სამაზრო ცენტრი გახდა.
თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. აქ არის პედაგოგიური უნივერსიტეტი, თეატრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ქალაქის ღირშესანიშნაობებია: ღვთაების ბაზილიკა (VI-VII სს.), ციხე-სიმაგრე ძველი გალავანი (X-XI სს.). თელავში არის ალავერდის ეპარქიის რეზიდენცია.