ლიხის ქედი
ვიკიპედიიდან
ლიხის ქედი, სურამის ქედი, ქართლ-იმერეთის ქედი - დიდი კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა სისტემების დამაკავშირებელი ქედი, რომელიც საქართველოს ყოფს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად, ხოლო შიგა წყლებს - შავი და კასპიის ზღვების აუზებად. მდებარეობს ხაშურის, ხარაგაულის, ზნაურისა და ჯავის რაიონებში. სიმაღლე 1926 მ-მდე. აგებულია გრანიტების, კრისტალური ფიქალისა და ტუფოგენური ქანებისაგან. ფერდობებზე გავრცელებულია ფართოფოთლოვანი ტყეები. ლიხის ქედზე ყველაზე დაბალია სურამის უღელტეხილი (სიმაღლე 949 მ), სადაც გადის ზესტაფონი-ხაშურის გზატკეცილი. ამავე მონაკვეთზე მდებარეობს გვირაბი, სადაც გადის საავტომობილო და სარკინიგზო გზები.