ალექსანდრე II, ლევან მეფის ძე
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ალექსანდრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალექსანდრე |
ალექსანდრე II (* 1527 ― † 1605), კახეთის მეფე 1574-1605. ლევან მეფის ძე. მის მეფობაში განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა, აღორძინდა ქალაქები (გრემი, ძეგამი). კახეთის სამეფოს ალექსანდრე II-ს დროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან (კახეთიდან უცხოეთში გაჰქონდათ დიდძალი აბრეშუმი, ღვინო, ენდრო, კაკალი), ალექსანდრე II რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოღვაწეობდა. თავდაპირველად იარნის ვასალად აღიარებდა თავს, ხოლო 1578-იდან ოსმალეთის მოხარკე გახდა. ოსმალეთს არ აკმაყოფილებდა კახეთის ვასალური დამოკიდებულება და კახეთზე თავდასასხმელად აქეზებდა სამხალის ქვეშევრდომ მთიელებს, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყანას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ალექსანდრე II რუსეთთან კავშირში ხედავდა. 1587 გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს კავშირის შესახებ. 1589 ალექსანდრე II-მ რუსეთის მეფისაგან მიიღო მფარველობის ოფიციალური დადასტურება - "წყალობის სიგელი".
რუსეთ-კახეთის დაახლოება არ მოსწონდა ირანის შაჰს აბას I-ს, მაგრამ იმხანად ოსმალეთთან ბრძოლაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მტრობას არ ამჟავნებდა, თუმცა ფარულად კახეთზე გადამწყვეტ თავდასხმას ამზადებდა და ოსტატურად აღვივებდა ინტრიგას ალექსანდრე II-ის კარზე. 1601 ოქტომბერში ალექსანდრე II შვილმა, დავითმა, აიძულა ბერად აღკვეცილიყო და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1 წლის შემდეგ, 1602 წლის 2 ოქტომბერს, დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა და ალექსანდრე II ტახტს დაუბრუნდა.
1603 ნოემბერში შაჰ-აბასი ერევნის ციხეს შემოადგა და ქართლ-კახეთის მეფეები დაიბარა. ალექსანდრე II დიდხანს ყოყმანობდა და მხოლოდ 1604 აპრილში ეახლა შაჰს, შაჰმა იგი უკან 1605 დააბრუნა, შირვანზე გალაშქრება დაავალა და ყიზილბაშთა ჯარით თან გამოაყოლა მისი გამაჰმადიანებული შვილი, შაჰის კარზე გაზრდილი კონსტანტინე-მირზა.
კახეთში ჩასულმა ალექსანდრე II-მ შეიტყო რუსეთის ჯარის შამხალზე სალაშქროდ წამოსვლა. რუსეთის ელჩები (მ. ტატიშვილი, ა. ივანოვი) ამ ლაშქრობაში კახეთის ჩაბმას მოითხოვდნენ. ამის გამო, მიუხედავად კონსტანტინე-მირზას დაჟინებული მოთხოვნისა, ალექსანდრე II შირვანზე გალაშქრებას არ ჩქარობდა. 1605 წლის 12 მარტს ქ. ძეგამში, მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს ყიზილბაშებმა კონსტანტინე-მირზას ბრძანებით დახოცეს ალექსანდრე II, გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისელები.