ანდრონიკაშვილები
ვიკიპედიიდან
ანდრონიკაშვილები, ენდრონიკაშვილები, თავადთა საგვარეულო ფეოდალურ საქართველოში. გვარში დარჩენილი გადმოცემით, ჩამომავალნი არიან ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე კომნენოსისა, რომლის შვილი ალექსი კახეთში დამკვიდრებულა XII საუკუნის II ნახევარში.
ანდრონიკაშვილებიე მამულები, ე. წ. "საანდრონიკო" ("საენდრონიკო") მოიცავდა კახეთის სოფლებს - მელაანს, ჩალაუბანს, ფხოველსა და სხვა. XVI საუკუნიდან ანდრონიკაშვილებმა სამემკვიდრეო სახელოდ მიიღეს ქიზიყის მოურავობა, XVII საუკუნიდან კი მარტყოფის მოურავობაც. მარტყოფის მოურავები უმთავრესად ინიშნებოდნენ სოფ. ფხოვლის მებატონე ანდრონიკაშვილებისგან, რომლებიც ქიზიყელი ანდრონიკაშვილების განაყოფები იყვნენ. ისინი ზოგჯერ ზურაბაშვილების, ხოლო ქიზიყელი ანდრონიკაშვილები აბელაშვილების გვარითაც იხსენიებიან. XVIII საუკუნის ანდრონიკაშვილები თურქმანი ელების (ბაიდარი, ყარაჩა და სხვა) მოურავები და ქართლ-კახეთთან დროებით შემოერთებული განჯის სახანოს მმართველებიც იყვნენ. ანდრონიკაშვილებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი სამხედრო და დიპლომატიურ ასპარეზზე. ეკავათ ბოდბის, ნინოწმინდის, ალავერდისა თუ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრები. ანდრონიკაშვილების სათავადო შედარებით სუსტი იყო. მათი სიმდიდრე და პოლიტიკური წონა მეფის მოხელეობას ემყარებოდა. ამით აიხსნება ანდრონიკაშვილების განსაკუთრებული ერთგულება სამეფო ხელისუფლებისადმი. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ანდრონიკაშვილები ძირითადად სამხედრო ასპარეზზე მოღვაწეობდნენ.