ანდრონიკაშვილი, ივანე ზაქარიას ძე
ვიკიპედიიდან
ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი (* 10 სექტემბერი/23 სექტემბერი, 1862, სოფ. მელაანი, სიღნაღის მაზრა, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― † 11 ივლისი, 1947, თბილისი), ქართველი აგრონომი და საზოგადო მოღვაწე.
1887 წელს მოსკოვში დაამთავრა პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემია (ახლანდელი ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია). 1889-1902 წლებში მუშაობდა კავკასიის საფილოქსერო კომიტეტის მთავარ ექსპერტად და ხელმძღვანელობდა ფილოქსერის საწინააღმდეგო ექსპედიციებს საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. ხალხში აგრონომიის ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აწყობდა საჩვენებელ ნაკვეთებს, ცდიდა ახალ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებსა და სხვა. 1902-1916 წლებში იყო ბათუმის ქალაქის თავი. მისი რედაქტორობით გამოდიოდა სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი "ვაზი და ღვინო". 1921 წელს ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი "სოფლის მეურნე", რომელსაც თვითონ რედაქტორობდა. 1923 წელს მოსკოვში სრულიად რუსეთის პირველ სასოფლო-სამეურნეო და კუსტარულ-სამრეწველო გამოფენაზე ხელმძღვანელობდა, ხოლო 1939 წელს საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე კონსულტაციას უწევდა საქართველოს პავილიონის მოწყობას.