არუხლოს გორა
ვიკიპედიიდან
არუხლოს გორა, ნახიდური, მრავალფენიანი ნამოსახლარი ბოლნისის რაიონში, სოფ. არუხლოსთან, მდინარე ქცია-ხრამის და მაშავერის შესართავთან. არუხლოს გორაზე გათხრილია ენეოლითური ხანის (ძვ. წ. V - IV ათასწლეულები) ფენები (ალიზის მრგვალი საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ორმოები და სხვა). არუხლოს გორას შემოვლებული ჰქონდა თავდაცვითი თხრილი. აღმოჩენილია ქვიშანარევი თიხის ნაძერწი ჭურჭელი, მიწის დასამუშავებელი ქვის. რქისა და ძვლის იარაღი, ქვის ქანდაკებები, ალიზის ძირბრტყელი, ამობურცულზედაპირიანი აგურები და მრგვალანაბეჭდებიანი თიხის ბულა, რომელზედაც ირემი და ლომია გამოსახული.
არუხლოს გორის კულტურა ქრონოლოგიურად მტკვარ-არაქსის კულტურის წინამორბედია. მისი საწყისი ეტაპი ჩრდილოეთ მესოპოტამიის ჰასუნის და ჰალაფის კულტურებს უახლოვდება. შულავრის გორაზე ამავე კულტურის შემცველი ფენა რადიოაქტიური ნახშირბადის მეთოდით დათარიღებულია 6625 ± 210 წლით (ძვ. წ. 4655 ± 210). არუხლოს გორაზე არის ადრინდელი ანტიკური ხანის (ძვ. წ. VI - IV საუკუნები) ნამოსახლარიც (ნაგებობათა ქვის წყობის ნაშთები, სამეურნეო ორმოები და სამარხები).