ასტურიასი, მიგელ ანხელ
ვიკიპედიიდან
მიგელ ანხელ ასტურიასი (*19 ოქტომბერი, 1899, გვატემალა ― † 9 ივნისი, 1974, მადრიდი), გვატემალელი მწერალი, "ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის" საერთაშორისო ლენინური პრემიის ლაურეატი (1966); ნობელის პრემიის ლაურეატი (1967). ლათინური ამერიკის რეალისტური პროზის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. ახალგაზრდობისას რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობდა. რადიკალური შეხედულებების გამო იძულებული იყო ცხოვრების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაეტარებინა. მისი თხზულებებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი სოციალური-პოლიტიკური გამიზნულობა და გვატემალის აბორიგენთა - მაიას ფოლკლორის შემოქმედებითი გამოყენება. ავტორია წიგნისა "გვატემალის ლეგენდები" (1930), რომანებისა "სენიორ პრეზიდენტი" (1946), "სიმინდის ხალხი" (1949), ფართოდ ცნობილი ტრილოგიისა "ძლიერი ქარი" (1950), "მწვანე პაპი" (1954), "დამარხულთა თვალები" (1960), მოთხრობათა კრებულისა "უიკენდი გვატემალაში" (1956) და სხვა.