ბაგრატ I კურაპალატი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბაგრატ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბაგრატ |
ბაგრატ I კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის მთავარი (826-876), ძე აშოტ I კურაპალატისა.
დაახლოებით 830 ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო "ქართველთა კურაპალატის" ტიტული. იბრძოდა მთელი ქართლის შემოსაერთებლად. ამ მიზნით 843 მიეშველა არაბთა ხალიფის სარდალს მუჰამად იბნ ხალიდს თბილისის ამირა საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ ბრძოლაში. დაბა რეხთან დამარცხების შემდეგ ბაგრატ I ტაო-კლარჯეთში დაბრუნდა და მალე თვით საჰაკის მოკავშირე გახდა. ქართლში ბუღა თურქის ლაშქრობისას (853) ბაგრატ I არაბებს მიემხრო და მონაწილეობდა საჰაკის შეპყრობასა და ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფის ლაშქართან ბრძოლაში, მაგრამ ქართლში გაბატონება ამჯერადაც ვერ შეძლო.
ბაგრატ I-ის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდებოდა აშოტ I-ის მიერ დაწყებული დიდი საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი გრიგოლ ხანძთელი იყო.