ბაიახჩევი, ლევ
ვიკიპედიიდან
ლევ სერგის ძე ბაიახჩევი (* 7 სექტემბერი, 1930, თბილისი ― † 26 დეკემბერი, 1992, იქვე), ფერმწერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1985). ეროვნებით სომეხი, მოღვაწეობდა საქართველოში. 1959 დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (პედაგოგები ა. ქუთათელაძე, ვ. შუხაევი). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1961-იდან. ბაიახჩევი მუშაობდა პეიზაჟისა და პორტრეტის დარგში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: "მეშახტეები" (1961), "ელენეს პორტრეტი" (1963), "გმირის დაბრუნება" (1964, სამივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), "ქალაქის პეიზაჟები" (1967), "ქალიშვილის პორტრეტი" (1985), "ნატურმორტი მსხლებით" (1986), "ძველი თბილისი" (1988, ყველა მხატვრის საკუთრება) და სხვა.