ბზა
ვიკიპედიიდან
ბზა (Buxus), ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები. შეიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (Buxus microphylla); იაპონური ბზა (Buxus japonica) და ბალეარული ბზა (Buxus balearica).
ბზა მრავლდება კალმით, თესლითა და გადანაწვენით. ზოგჯერ ივითარებს ფესვისა და ძირკვის ამონაყარს. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 40-60 წლის ასაკში, ეულად მდგომი - 15 წლის ასაკიდან. ცოცხლობს 500-600 წელს, იზრდება ნელა. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ (ძირითადად კოჟრებს) სხვადასხვა ნაკეთობისათვის; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია "კავკასიური პალმის" ან "პალმის ხის" სახელწოდებით. ბზის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს; ქერქისა და ფოთლების ნატენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს. თესლში 37%-მდე ზეთია. თაფლოვანი მცენარეებია. აფრიკასა და ზოგიერთ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყანაში ნამდვილ ბზას ცვლის აფრიკული ბზა ანუ "კამასი" (Gonioma kamassi), რომელიც სხვა გვარსა და ოჯახს განეკუთვნება. მისი მერქანი ემსგავსება ბზისას.