ბრაუნის უნივერსიტეტი
ვიკიპედიიდან
ბრაუნის უნივერსიტეტი აივი ლიგის უნივერსიტეტია პროვიდენსში, როდ-აილენდი. დაფუძნდა 1764 წელს როგორც როდ-აილენდის კოლეჯი. სიძველით მესამე უმაღლესი სასწავლებელია ახალ ინგლისში, ხოლო მეშვიდე - აშშ-ში. ბრაუნი ამერიკის პირველი კოლეჯი იყო, სადაც ნებისმიერი რელიგიის მიმდევართ შეეძლოთ სწავლა.
ბრაუნი დანარჩენი უნივერსიტეტებისაგან გამოირჩევა ე.წ. “ახალი კურიკულუმით”. მეთოდი შემოღებულ იქნა 1969 წელს და საშუალებას აძლევს სტუდენტებს თვითონ აირჩიონ საკუთარი განათლების კურსი სტანდარტული A/B/C შეფასების სისტემის გვერდის ავლით (ნებისმიერი კურსის აღება შესაძლებელია “ჩათვლის/უკრედიტოდ” საფუძველზე).
ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან უნივერსიტეტში მოსახვედრად განსაკუთრებით მძაფრი კონკურსია. მიღების რეიტინგი 14.6%-ია, რაც რიგით მეექვსეა ყველაზე ძნელად მოსახვედრ უნივერსიტეტთა შორის (კარნეგის ფონდისა და U.S. News & World Report-ის კატეგორიზაციის მიხედვით) აშშ-ში ჰარვარდის, პრინსტონის, კოლუმბიის, იელისა და სტენფორდის შემდეგ. ბრაუნის სტუდენტები 50 შტატიდან და 65 ქვეყნიდან არიან. უნივერსიტეტის ფინანსური დახმარების პროგრამა დაახლოებით 70 მილიონ ამერ. დოლარს ანაწილებს ყოველწლიურად სტიპენდიების, კვლევის გრანტებისა და სესხების სახით. სტუდენტთა 50%-ზე მეტი რაიმე ფორმით მაინც იღებს ფინანსურ დახმარებას.
2004 წლის შემოდგამოზე მილიარდერი სიდნი ფრანკი, რომელმაც ახალგაზრდობაში ბრაუნში მხოლოდ ერთი წელი მოახერხა სწავლა ხელმოკლეობის გამო, უნივერსიტეტს შესწირა 100 მილიონი ამერ. დოლარი მხოლოდ ნიჭიერ სტუდენტთათვის ფინანსური დახმარებისათვის. ეს იყო უნივერსიტეტის ისტორიაში უმსხვილესი მატერიალური საჩუქარი. ადრე ამავე წელს ფრანკმა უნივერსიტეტს გადასცა 25 მილიონი დოლარი მისივე სახელობის ჰოლის ასაშენებლად, რაც სწრაფად მზარდი ნევროლოგიის, კოგნიტური მეცნიერებისა და ლინგვისტიკის დეპარტამენტებისთვის იქნება განკუთვნილი. 2005 წელს კი მან 5 მილიონი დოლარი გამოჰყო ნიუ ორლეანში სტიქიით დაზარალებული სტუდენტებისთვის ბრაუნში სასწავლებლად.
სხვა მრავალ სიკეთეთა შორის ბრაუნი ასევე ცნობილია თავისი უძველესი საინჟინრო პროგრამით აივი ლიგაში (1847), ერთადერთი ეგვიპტოლოგიის დეპარტამენტით დასავლეთ ნახევარსფეროში, და როგორც ერთადერთი უნივერსიტეტი მსოფლიოში მათემატიკის ისტორიის დეპარტამენტით საბაკალავრო კურსებზე. ბრაუნი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც ყურადღება გაამახვილა მედიის სწავლებაზე, განყოფილებებით თანამედროვე კულტურასა და მედიაში, სადაც სტუდენტები ეცნობიან კინოს, კინო-კრიტიკასა და კრიტიკის თეორიას.
2001 წლიდან ბრაუნის ამჟამინდელი და მე-18 პრეზიდენტია რუთ ჯ. სიმონსი, პირველი შავკანიანი ამერიკელი პრეზიდენტი, და მეორე ქალი პრეზიდენტი აივი ლიგის უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტის ფერებია ყავისფერი, წითელი და თეთრი. ბრაუნის მასკოტი დათვია და მისი სასპორტო გუნდები დათვებად იწოდებიან (the Bears). ათლეტურ თამაშებზე როგორც წესი კოსტიუმირებული მასკოტი-დათვი სახელწოდებით “ბრუნო” გამოდის ხოლმე. ეს ტრადიცია სკოლას 1904 წლიდან მოსდევს. უნივერსიტეტთან ასოცირებულ ხალხს “ბრუნონიანებს” უწოდებენ.