გამოცანა
ვიკიპედიიდან
გამოცანა, ზეპირსიტყვიერების ჟანრი; საგნის ან მოვლენის პოეტური, ნართაული დახასიათება თვით ამ ობიექტის დაუსახელებლად მისი გამოცნობის მიზნით. წარმოშობით გამოცანა პირველყოფილ საზოგადოებას მიეკუთვნება; თავდპირველად მას საკულტო მნიშვნელობა ჰქონდა, იმ უძველეს წარმოდგენებს უკავშირდებოდა, რომლებიც საგნის ან მოვლენის საკუთარი სახელით მოხსენიებას კრძალავდა. მოგვიანებით გამოცანამ მხატვრულ-ესთეტიკური და შემეცნებითი ფუნქცია შეიძინა. მისი დანიშნულებაა ადამიანში გონებამახვილობისა და დაკვირვების უნარის აღზრდა. გამოცანის თემატიკა, შეუზღუდველია, მისი ფორმა - კომპაქტური, დახვეწილი, უმთავრესად რიტმული, ზოგჯერ რითმიანიც ("ვკეცე, ვკეცე - ვერ დავკეცე", "დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალი" და სხვა). ქართული გამოცანების პირველი შემკრებია პ. იოსელიანი ("გამოცანანი ქართულნი", 1835, ხელნაწერი დაცულია სანქტ-პეტერბურგში, სალტიკოვ-შჩერდრინის სახელობის დაჯარო ბიბლიოთეკაში). ქართული გამოცანების პირველი ბეჭდური გამოცემა 1879 წელს მიეკუთვნება (შემკრები რ. ერისთავი). გამოცანების ტექსტები ჩაწერილი აქვთ ა. წერეთელს, ს. მერკვილაძეს, მ. კელენჯერიძეს, ი. გომელაურს და სხვებს. გამოცანა გვხვდება ფოლკლორის სხვა ჟანრებში და მხატვრულ ლიტერატურაშიც (გამოცანის ნიმუშები იხ. წიგნში "ხალხური სიბრძნე", ტ. 5, 1965).