გელათის აკადემია
ვიკიპედიიდან
გელათის აკადემია, ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან დავით აღმაშენებლის ინიციატივიტა და ხელშეწყობით. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას "ასუად ათინად", "აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად" იხსენიებდნენ. აკადემიის სატავეში იდგა მოძღვართ-მოძღვარი. სასწავლო პროგრამა ძირითადად ტრივიუმის (გეომეტრია - "ქვეყნის საზომლოჲ", "არითმეტიკა" - "რიცხუნი", მუსიკა - "სამოსოჲ") და კვადრიუმის (ფილოსოფია სამი სახის - "საქმეთი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი", რიტორიკა სამი სახის - "თანამზრახველობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა", გრამატიკა და ასტრონომია - "ვარსკვლავთმრიცხველობაჲ") ციკლის საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა.
გელათის აკადემიაში არსენ იყალთოელს სჯულისკანონი, იოანე პეტრიწს - ნემესიოს ემესელის თხზულება "ბუნებისათჳს კაცისა". განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნული ენიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რომლის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნიერო-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გელათის აკადემიაში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII საუკუნეში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი არსენ ბულმაისიმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი "გარიგება ჴელმწიფის კარისა" და საისტორიო წყარო "გელათური ქორონიკონი".