გვარამაძე, ივანე
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "გვარამაძე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: გვარამაძე |
ივანე გვარამაძე (* 17 ოქტომბერი, 1831, ვალე ― † 24 მაისი, 1912, ახალციხე) - პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
ივანე გვარამაძე დაიბადა პავლე გვარამაძის, ვალეში მცხოვრები ქართველი კათოლიკეს ოჯახში. დაწყებითი სკოლის დასრულების მერე მიაშურა სტამბოლს, სადაც ქართველმა განმანათლებელ და კათოლიკე ბერს პეტრე ხარისჭირაშვილს ახალი დაარსებული ჰქონდა (1850-იანი წლებიდან) სამონასტრო სასწავლებელი ფერი-ქოა. იქიდან საშუალება ეძლევა განაგრძოს თავისი განათლება ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში.
1860-წლების დამლევს ეკურთხა მღვდლად, რის შემდეგაც იწყებს ნაყოფიერ პედაგოგიურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ამიერად ივანე გვარამაძე ძირითადად ახალციხეშია და "ვინმე მესხის" ფსევდონიმით რეგულარულად აქვეყნებს წერილებს "ივერია", "დროებასა" და "სახალხო ფურცელში". მისი პუბლიცისტური, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული ინტერესები მას 1870-იანი წლებიდან აახლოებს ილია ჭავჭავაძეს.
მისი პედაგოგიური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ 1882 წელს გამოცემული "ქართლის ცხოვრება. სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად" და 1885 წელს გამოცემული "ქართული ენის საუნჯე". ეს ორივე წიგნი თავის დროის საუკეთესო სახელმძღვანელოებში იყო დამკვიდრებული. მან აღმოაჩინა და მომავალი სასულიერო და სამეცნიერო გზისთვის შეარჩია მიხეილ თამარაშვილი. ივანე გვარამაძის თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის.
გვარამაძის ლიტერატურული მოღვაწეობის კიდევ ერთი სიმძიმის ცენტრი სწორედ მესხეთისა და იქაური ქრისტიანობის ისტორიაა. 1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემაში გამოდის მისი "წამება მიქაელ გობრონისა და ასოცადაცამეტ მოყვასთა მისთა მეციხოვნეთა მესხთა" , 1898 წელს კატეხეტურ-პედაგოგიური ნაშრომი "მშობლები და მათი შვილები როგორნიც უნდა იყვნენ და როგორც უნდა ზრდიდნენ", ხოლო 1904 წელს ცალკე წიგნად გამოდის "ხალხური მესხური ლექსები".