გველბრუცასებრნი
ვიკიპედიიდან
გველბრუცასებრნი (Typhlopidae), გველების ოჯახი. აქვთ გლუვქერცლიანი ჭიისმაგვარი, 75 სმ-მდე სიგრძის სხეული; ქერცლოვანი ფარით დაფარული წვრილი, ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველი თვალები, ქიცვით დაბოლოებული კუდი, რომელსაც ცოცვის დროს ეყრდნობიან; ზედა ყბაზე განლაგებულია რამდენიმე კბილი. ოჯახში 150-მდე სახეობაა. ბინადრობენ უმთავრესად ტროპიკულ სარტყელში. აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, სამხრეთ დაღესტანში, სამხრეთ ტაჯიკეთში გავრცელებულია ერთი სახეობა - გველბრუცა (Typhlops vermicularis). საქართველოში გველბრუცა ძირითადად ბოსტნებში, ბაღებში, ვენახებში ბინადრობს. იკვებება მწერების მატლებითა და ჭუპრებით.