გნუ
ვიკიპედიიდან
გნუ (Connochaetes), წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვრების გვარი ძროხისებრთა (Bovidae) ოჯახისა. გნუს სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში 1,3 მ, წონა 275 კგ. აქვს მოღუნული რქები, მურა-მორუხო მოკლე ბალნით შემოსილი სხეული. ბალანი ქედზე ფაფარივით ადგას, ყელზე კი "წვერს" ქმნის. გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ტრამალებში. ცხოვრობს ჯოგებად. იკვებება ბალახოვანი მცენარეებით. მაკეობა 8-9 თვე გრძელდება. იგებს ერთ ხბოს. ცნობილია გნუს 2 სახეობა: თეთრკუდა გნუ (Connochaetes gnou), გვხვდება სამხრეთ აფრიკაში და ზოლებიანი გნუ (Connochaetes taurinus), გვხვდება აღმოსავლეთ აფრიკაში. იყენებენ გნუს ხორცს, ტყავს. ტყვეობას ადვილად იტანს და მრავლდება. აკლიმატიზებულია ასკანია-ნოვაში.