დავით II (კახეთის მეფე)
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " დავით" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დავით |
დავით II, იმამყულ-ხანი († 1722), კახეთის მეფე 1703-1722, ერეკლე I-ის ძე. დაიბადა და ბავშვობა გაატარა ირანში. მისი მმართველობის დროს კახეთში ლეკიანობა მძვინვარებდა. 1706 ჭარ-ბელაქანში კახელთა მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ ლეკებმა დაიკავეს ელისენი. დავით II იძულებული გახდა რეზიდენცია ყარაჯიდან თელავსა და მანავში გადაეტანა (ზაფხულობით მაღაროს იდგა). 1711 ირანში გაემგზავრა და კახეთის მმართველად თავისი ძმა თეიმურაზი და დედა - დედოფალი ანა დატოვა. ამ პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა კახეთზე ლეკთა თავდასხმები, ფეოდალთა თვითნებობა, გლეხთა ანტიფეოდალური გამოსვლები. ირანიდან დაბრუნების შემდეგ (1715) დავით II ცდილობდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენას. დაუნათესავდა ქართლის მმართველს იესეს და მისი დახმარებით გაილაშქრა ლეკების წინააღმდეგ, მაგრამ მათთან ბრძოლაში კვლავ დამარცხდა. კახელი ფეოდალები იძულებული გახდნენ ლეკებისათვის ზოგი რამ დაეთმოთ და მათთვის ქართლისა და აზერბაიჯანში სათარეშო გზაც მიეცათ. ამ დროს დაიწყო კახეთის რაიონებში ლეკების ჩამოსახლება. კახელი გლეხები (განსაკუთრებით გაღმა მხარში) მძიმე ფეოდალური ჩაგვრის გამო მასობრივად გადადიოდნენ ლეკების მხარეზე - "ლეკდებოდნენ". ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დავით II-მ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს, მაგრამ მათი ერთობლივი მოქმედება, მიუხედავად ირანის შაჰის მხარდაჭერისა, მაინც ვერ მოხერხდა.