დავით XI
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " დავით" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დავით |
დავით XI, დაუთ-ხანი, ქართლის ხანი (ზოგიერთი ქართული წყაროს მიხედვით, ქართლის მეფე) 1569-1578, ლუარსაბ I-ის ძე. დავით XI-მ უღალატა ძმას სიმონ I-ს და თავის მომხრე ქვემო ქართლის თავადებთან - ბარათაშვილებთან ერთად 1561 ირანს გაემგზავრა და შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინს. იგი გაამაჰმადიანეს, ვასალობის რაყამი უბოძეს, ქართლის ხანად დანიშნეს (1562) და ყიზილბაშთა ჯარით საქართველოში გამოგზავნეს. დავით XI განაგებდა მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლს, რომელიც ამ დროს ირანს ეპყრა. დანარჩენი ქართლი სიმონ I-ს ემორჩილებოდა, რომელსაც ფეოდალთა დიდი ნაწილი ერთგულობდა. ქართლში "ორიანობა" (ორმეფობა) დამყარდა. დავით XI-მ 1569 ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა დახმარებით სიმონი დაამარცხა და ქართლის ერთადერთი მმართველი გახდა. დატყვევებული სიმონი ირანში გაგზავნეს. მაგრამ თავადთა უმეტესობა საჩინო ბარათაშვილის მეთაურობით კვლავ განაგრძობდა დავით XI-ისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას. დავით XI წელიწადში 20000 დუკატს უხდიდა ირანს ხარკად. 1578, როცა ოსმალეთის დიდი არმია მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-მ თბილისი ადაწვა და თავი ლორეს შეაფარა. ოსმალებმა ქართლი საფაშოდ გამოაცხადეს და თბილისში ფაში დასვეს. 1578 ირანის მთავრობამ სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად, დავით XI-მ ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს. დავით XI-ის ვაჟებმა ბაგრატმა და ხოსრომ ჯერ კახეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი ირანში წავიდნენ. დავით XI-მ ოსმალეთში რამდენიმე წელი დაჰყო და იქვე გარდაიცვალა. ოსმალეთში ყოფნის დროს ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა.