თამარი (გურჯი-ხათუნი)
ვიკიპედიიდან
თამარი, გურჯი-ხათუნი, XIII საუკუნე, საქართველოს მეფის რუსუდანის ასული. მამამისი მოღის ედ-დინი იყო არზრუმის გამგებლის ტოღრილის ძე.
1236 მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს(1236-1246). თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებბმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.
სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი - გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურული მშვენებაა.