იოანე მთაწმინდელი
ვიკიპედიიდან
იოანე მთაწმინდელი (ათონელი) (* დაახლოებით 920 ― † 1005),ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი. ერისკაცობაში - სამცხის ერთ-ერთი დიდებულთაგანი - ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი. ბერად შედგა ოთხთა ეკლესიის ლავრაში. შემდეგ ბიზანტიაში, ოლიმპის მთაზე მოღვაწეობდა, სადაც მიიყვანა თავისი მცირეწლოვანი შვილიც, შემდეგში, ექვთიმე მთაწმინდელი. 965 ექვთიმესა და რამდენიმე მოწაფესთან ერთად გადასახლდა ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში. ქართველ ბერებმა ჯერ იოანე მახარებლის ეკლესია ააშენეს, შემდეგ დამკვიდრდნენ ათონის ივერთა მონასტერში, რომლის აღმშენებელი და პირველი წინამძღვარი იოანე მთაწმინდელი იყო. მისი ბიოგრაფის გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, იოანე მთაწმინდელმა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ექვთიმეს განსწავლაში, ლიტერატურული მოთვაწეობისაკენ მოუწოდა მას: "ქართლის ქვეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან, და ვხედავ, რომელ ღმერთსა მოუმადლებია შენდა, აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან".