კუცია, ნესტორ
ვიკიპედიიდან
ნესტორ კუცია (ხუცია) (1875, სოფ. სუჯუნა, აბაშის რაიონი - 1912, აბაშა) იყო ცნობილი ქართველი მრეწველი, კომერსანტი და ქველმოქმედი. დაიბადა სასულიერო მოღვაწის, შემდგომში არქიმანდრიტის მეთოდე კუციას (ხუციას) და ეკატერინე დადიანის მსახურთუხუცესის, თავად ნიკოლოზ მიქაძის ასულის სალომე მიქაძის ოჯახში.
დაამთავრა ძველი სენაკის ქართული სათავადაზნაურო სკოლა (რომელიც არსებობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან).
1895 წელს მას მემკვიდრეობით დარჩა ბაბუამისის, - თავად ნიკოლოზ მიქაძის ხე-ტყის გადამამუშავებელი წარმოება (რომელიც იმხანად ერთ-ერთი უდიდესი ამგვარი წარმოება იყო საქართველოში) და ხე-ტყის ტარისა და ფართლეულის მაღაზიები აბაშაში, ქუთაისსა და ფოთში. 1905 წელს 30 წლის ნესტორ კუციას მიენიჭა პირველი გილდიის ვაჭრის წოდება, რაც კომერციის დარგში მეფის რუსეთში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ მას მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთთან, საბერძნეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან.
1897 წელს ცოლად შეირთო საეკლესიო აზნაურის, დეკანოზ სოფრომ გაბილაიას ასული ელისაბედ (ელისა) გაბილაია (1878-1923), რომელმაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ თავისი ცხოვრება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუკავშირა და 1913-1923 წლებში გახლდათ იღუმენი. მათ ეყოლათ ორი ასული: შემდგომში ცნობილი ექიმი-პედიატრი ანა (ანიკო) კუცია-ჩოჩია (1898-1964) და შემდგომში ცნობილი მკვლევარი-ბიბლიოგრაფი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე თამარ კუცია-ღვალაძე (1902-1986).
ნესტორ კუცია ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ და საქველმოქმედო მოღვაწეობას. არჩეული იყო სენაკის მაზრის თვითმმართველობის ხმოსნად (დეპუტატად) და აბაშის ოთხკლასიანი სკოლის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი ძალისხმევით გაიხსნა სამკითხველოები სუჯუნაში, აბაშასა და სენაკში. ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელი მოწინავე ქართველი საზოგადოების არაერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან, მათ შორის შალვა დადიანთან, ვასო ურუშაძესთან, ტრიფონ თოფურიასთან, მამანტი კანდელაკთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან. აღსანიშნავია, რომ მისი უახლოესი ნათესავები იყვნენ დუტუ მეგრელი და აკაკი ხოშტარია.
ნესტორ კუცია გარდაიცვალა 1912 წელს, 37 წლის ასაკში. დაკრძალულია აბაშაში.