მიძინება
ვიკიპედიიდან
მიძინება ღვთისმშობლისა, იესო ქრისტეს მშობლის, ხალხის მფარველ–მეოხის მარიამის მიწიერი ცხოვრების დასასრული, მართლმადიდებლური ეკლესიის ათორმეტ დიდ დღესასწაულთაგანი, აღინიშნება 15 (28) აგვისტოს. ამის მიხედვით ძვ. ქართულ კალენდრებში აგვისტოს მარიამობისთვე ეწოდება და საერთოდ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილად ითვლება, მრავალი ტაძარიც აუგიათ მის სახელზე. მარიამის გარდაცვალების ამბავი IV ს. ბოლომდე ბინდით მოცული იყო. ეპიფანე კვიპროსელი წერდა: მარიამის სიკვდილზე ცნობები არ არის: გარდაიცვალა თუ არ გარდაცვლილა, დაკრძალეს თუ არ დაუკრძალავთო.
გადმოცემით იესოს ჯვარცმის შემდეგ დედა ღვთისა იოანე მოციქულის სახლში ცხოვრობდა. შვილის ჯვარცმიდან მეჩვიდმეტე წელს უდრტვინველად აღესრულა, თან სხვა მორწმუნეთა განსხვავებით შვილისკენ ისწრაფვოდა, თაყვანსა სცემდა, და გადმოცემით, ძეც სულის წასაყვანად ჩამოვიდა, რის გამოც სამყოფელი გაცისკროვნებული იყო (როგორც ამას წყაროებში აღწერენ). დაკრძალეს დავითის საგვარეულო სამარხში, სამი დღე გაისმოდა გალობა, მესამე დღეს შორიდან დაბრუნებული თომა მისულა და საფლავი ცარიელი დახვედრია. ამას ხსნიან იოანეს გამოცხადების სიტყვებით: "და სასწაული დიდი გამოჩნდა ცათა შინა: დედოფალი, რომელსა ემოსა მზე". მიძინებისა და ცადამაღლების სახსოვრად დადგენილია დღესასწაულ, გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო გალობით, ზოგან მისი დაკრძალვა. ამ სახარებისეულ მოვლენებს მკვლევარები უკავშირებენ მიწათმოქმედებას, ნაყოფიერების, მოსავლის წარმართულ ღვთაებებს, მაგ, იშთარს, რომელსაც "ბაბილონელთა დედოფალს" ეძახდნენ, მის მოგზაურობას ქვესკნელში, დატირებას მის კუბოსთან და ა.შ.
ჩამოყალიბდა V-VI საუკუნეების მიჯნაზე, როცა მარიამის კულტი ამაღლდა. სხვა ვერსიით მარიამი მიიჩნიეს ქალღმერთ კიბელეს ორეულად, დედობისა და ხალხის მფარველობის მსგავსები ნიადაგზე, თუმცა ასეთი ანალოგიები უსასრულოდ შეიძლება სხვა რელიგიების ქალ–ღვთაებებთანაც. რეასთან გაიგივებული კიბელე ღმერთების დედაა, მაგრამ მრისხანე, ლომზე ამხედრებული, ბევრი საერთო არაფერი აქვს სათნო მარიამთან და არც კვდება მასავით, როგორც უმართებულოდ წერენ ზოგან. მიძინებას ამ სახით მაინც არ მოეძებნება ანალოგია, და საერთოდ ამ სახეს პოეტურმა ფანტაზიამ, ხალხის რწმენასთან გადაჯაჭვულმა, ბევრი ორიგინალური შტრიხი მისცა.