ნიკოლოზ I გულაბერისძე
ვიკიპედიიდან
ნიკოლოზ I გულაბერისძე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XII საუკუნის II ნახევარში, გიორგი III-ის დროს; მწერალი და ფილოსოფოსი. ნიკოლოზ I პროგრესულად მოაზროვნე იყო და სამეფო ხელისუფლების ცენტრალიზაციას ემხრობოდა. დაახლოებით 1178 იგი კათალიკოსობოდან გადამდგარა და, როგორც ჩანს, იერუსალიმში წასულა. 1184 ნიკოლოზ I თამარ მეფემ იერუსალიმიდან მოიწვია საქართველოში საეკლესიო საქმეების მოსაგვარებლად. იგი თამარის თხოვნით ანტონ ქუთათელთან ერთად ხელმძღვანელობდა საეკლესიო კრებას, რომელიც მიქელ მირიანის ძის მღვდელთმთავრობის მიზანშეწონილობას იხილავდა.
ნიკოლოზ I მიჩნეულია ავტორად თხზულებისა "საკითხავი სუეტისა ცხოველისაჲ, კუართისა საუფლოჲსა და კათოლიკე ეკლესიისა". მასში აღწერილია საუფლო კვართისა და წმინდა ნინოს მიერ ქართველთა გაქრისტიანების ამბავი, აგრეთვე სვეტიცხოვლის ძველი და ახალი სასწაულთმოქმედება, რომელსაც ბოლოში დართული აქვს შესხმა "გიხაროდენ".