როკფელერის ცენტრი
ვიკიპედიიდან
როკფელერის ცენტრი (Rockefeller Center) კომპლექსია 19 კომერციული შენობისა ნიუ-იორკში 48-ე და 51-ე ქუჩებს შორის. მდებარეობს მიდთაუნ მანჰეტენის ცენტრში, მე-5 და მე-6 ავენიუების ბლოკში.
დღევანდელი როკფელერის ცენტრი ძირითადად შენობათა ორი კომპლექსის კომბინაციაა: ერთის მხრივ ძველი არტ-დეკო საოფისე შენობები 1930-იანი წლებიდან და, მეორეს მხრივ, ოთხო საერთაშორისო სტილის ცათამბჯენები აგებული ამერიკის ავენიუს გასწვრივ 1960-70-იან წლებში.
როკფელერის ცენტრს სახელი ჯონ როკფელერ უმც.-ის პატივსაცემად დაერქვა, რომელმაც ადგილი ლიზინგით კოლუმბიის უნივერსიტეტისგან აიღო 1928 წელს და განავითარა იგი 1939-1940 წლებში. როკფელერს თავდაპირველად ამ ადგილას საოპერო სახლის მშენებლობა ჰქონდა მიზნად დასახული მეტროპოლიტენ-ოპერის კომპანიისთვის, თუმცა აზრი შეიცვალა 1929 წელს სააქციო ბირჯის კრახისა და მეტის პროექტიდან გამოსვლის გამო. არტ-დეკო სტილის ნაგებობების მშენებლობა დაიწყო 1931 წელს. მთავარი არქიტექტორი კომპლექსისა იყო რეიმონდ ჰუდი, რომლის ჯგუფში ასევე იყო ახალგაზრდა უოლას ჰარისონი.
ამერიკის უდიდესი დახურული თეატრი - რადიო სიტი მიუზიკ ჰოლი - მდებარეობს როკფელერის ცენტრის კომპლექსში. ამ კომპლექსის ერთ-ერთი პირველი ბინადართაგანი იყო ამერიკის რადიოს კორპორაცია, საიდანაც მომდინარეობს სახელები "რადიო სიტი" და "რადიო სიტი მიუზიკ ჰოლი".
როკფელერის ცენტრის მთავარი მონუმენტალური შენობაა 71 სართულიანი, 872 ფუტის სიმაღლის ჯენერალ ელექტრიკის შენობა (30 როკფელერ პლაზა, უწინ არ-სი-ეი ბილდინგი), რომელიც შადრევნებიანი მოედნის უკან, ცენტრშია განთავსებული. ცათამბჯენში ამჟამად ენ-ბი-სი ტელესტუდიის შტაბ-ბინაა მოთავსებული. აქვეა მისი განთქმული "სტუდია 8H" - "შაბათის შოუს" (Saturday Night Live) ბინა. 1930-იანი წლების სხვა არტ-დეკო შენობებისგან განსხვავებით გენერალ ელექტრიკის კოშკი ბრტყელი სახურავით აიგო, სადაც ამჟამად ცენტრის სათვალთვალო ტერასაა განთავსებული, საიდანაც ნიუ-იორკის შესანიშნავი პანორამა იშლება. რესტორანი "რეინბოუ რუმ" (ცისარტყელას ოთახი) განლაგებულია 65-ე სართულზე.
1989 წელს როკფელერის ცენტრის მთელი კომპლექსი შესყიდულ იქნა კორპორაცია მიცუბიშის მიერ. ათი წლის შემდეგ ტიშმან სპეიერ პროპერტის ლ.პ.-მ მიცუბიშისგან გამოისყიდა ორიგინალი არტ-დეკო შენობები.
კომპლექსის ტერიტორიაზე გამოფენილ მხატვრულ ნამუშევართა შორის ყველაზე ცნობილია პოლ მანშიპის პრომეთეს ქანდაკება, რომელსაც ადამიანთათვის ცეცლის მოაქვს. ის დგას ქვედა ზონის პლაზას თავზე, რომელსაც ზამთარში საციგურაო მოედნად იყენებენ. სკულპტორმა ლი ლოურიმ კომპლექს დაუთმო რამდენიმე საკუთარი ნამუშევარი, მათ შორის ფრესკები და ატლასის ქანდაკება. მექსიკელი სოციალისტი მხატვარი დიეგო რივერას მიერ შესრულებულია მიურალები, თუმცა მისი ნამუშევარი "ადამიანი გზის გასაყართან" მოხსნილ იქნა მალევე ვინაიდან მასზე ლენინის პორტრეტი იყო გამოსახული. ქუჩის დონეზე მოედანზე 200 დროშის ანძაა აღმართული, რომელზეც სეზონურად ან გაეროს წევრი ქვეყნების დროშებია, ან აშშ-ის შტატების და ტერიტორიების, ან კიდევ, დღესასწაულებზე მხოლოდ აშშ-ს დროშები ფრიალებს..