თარგი:რჩეული სტატია/მეცნიერება
ვიკიპედიიდან
კვანტური მექანიკა (ტალღური მექანიკა) – ისეთი ფიზიკური სისტემების აღწერის მეთოდი-თეორია, რომელთა ქმედების განზომილების მქონე მახასიათებელი სიდიდეები პლანკის მუდმივის რიგისაა. როგორც წესი, ამ პირობას მიკრონაწილაკების (მოლეკულების, ატომების, ატომბირთების, ელექტრონების, ნუკლონების და ა. შ.) მოძრაობა აკმაყოფილებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სპეციფიური კვანტური თვისებები მაკროსკოპულ სისტემებსაც გააჩნია.
კვანტური მექანიკა ცნებათა სისტემის და მისი ადეკვატური მათემატიკური აპარატის სინთეზია, რომელიც აუცილებელია და საკმარისი შესაბამისი ფიზიკური სისტემების და მათი მოძრაობის დამახასიათებელი ყველა დამზერადი სიდიდის აღწერისათვის. კვანტური მექანიკის კანონები ნივთიერების აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ამ კანონებით აიხსნა ატომების და ატომბირთვების აგებულება, გაირკვა ქიმიური ბმის ბუნება, გასაგები გახდა, თუ რა კანონზომიერება განსაზღვრავს ელემენტთა პერიოდული სისტემაში ელემენტების განლაგებას. კვანტურმა მექანიკამ კლასიკური სტატისტიკური ფიზიკის პარადოქსები ახსნა. კვანტური მექანიკა ასტროფიზიკის მძლავრი იარაღია. კვანტური მექანიკის კანონები განსაზღვრავს ვარსკვლავებში თერმობირთვული რეაქციების მსვლელობას, ხსნის ნეიტრონული ვარსკვლავების წარმოშობის და მომდევნო ევოლუციის პროცესებს, და ა. შ. XX საუკუნის უდიდესი ტექნიკური მიღწევები კვანტურ ეფექტებზეა დაფუძნებული. კვანტური მექანიკის კანონების აღმოჩენამ მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუცია განაპირობა. (...სრულად).