საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი
ვიკიპედიიდან
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ("დამკომი") იყო იატაკქვეშა ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც წარმართავდა ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციისა და ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ 1922-1924 წლებში. ორგანიზაცია წარმოადგენდა პარიტეტულ საწყისებზე დაფუძნებულ ოპოზიციური პარტიების ბლოკს, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო საქართველოში საერთო სახალხო აჯანყების მომზადება.
ორგანიზაციას საფუძველი 1922 წლის აგვისტოში ჩაეყარა. ამას წინ უსწრებდა დაძაბული მოლაპარაკებები ქართველ მენშევიკებს და მათ ყოფილ პოლიტიკურ ოპონენტებს - ეროვნულ დემოკრატებს, ფედერალისტებს, ესერებსა და ახლად აღმოცენებულ "სხივის" პარტიას შორის. საბოლოოდ პარტიები შეთანხმდნენ მოქმედების საერთო გეგმაზე და ხელი მოაწერეს შეთანხებას, რომელიც ხუთი მუხლისგან შედგებოდა:
"1. პარტიები ერთიანდებიან იმისთვის, რათა საერთო ძალით იბრძოლონ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის;
2. იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობა, მოწვეული იქნება დაფუძნებული კრება, რომელსაც ჩააბარებენ ანგარიშებს თავიანთი მოღვაწეობის შესახებ როგორც საზღვარგარეთ მყოფი მთავრობა, ისე ის მთავრობა, რომელიც შედგენილი იქნება გარდამავალ მომენტში;
3. დაფუძნებული კრების სხდომაზე ირჩევენ ახალ მთავრობას კოალიციური პრინციპების მიხედვით. ამასთანავე, არცერთ პარტიას უფლება არა აქვს დაიკავოს ერთ მესამედზე მეტი;
4. ირჩევენ პარიტეტულ კომისიას ძველი მთავრობის მოღვაწეობის განსახილველად;
5. ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დღიდან პარიტეტულ საფუძველზე არჩეულ იქნეს კომიტეტი, რომელსაც უნდა ეწოდოს "საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი".
შეთანხებას ხელი მოაწერს: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიისაგან - გოგოტა ფაღავამ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისაგან - იასონ ჯავახიშვილმა, სოციალ-ფედერალისტებისაგან - გრიგოლ რცხილაძემ, სხიველებისაგან - მუხრან ხოჭოლავამ, მემარჯვენე ესერებისაგან - იოსებ გობეჩიამ.
ტექსტი საგანგებო წერილთან ერთად გაეგზავნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულ მთავრობას, რომელიც შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა შეთქმულებს მატერიალურად. კავშირს კომიტეტსა და მთავრობას შორის ახორციელებდა ე.წ. "კონსტანტინეპოლის ბიურო" რომელიც წარმართავდა ასევე საიდუმლო (და საბოლოოდ უშედეგო) მოლაპარაკებებს თურქეთის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან დახმარების თაობაზე.
დამკომთან შეიქმნა "სამხედრო ცენტრი", რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის. მის თავმჯდომარედ აირჩიეს გენერალი კოტე აფხაზი.
თავისი ფართო აგენტურული ქსელის საშუალებით, საბჭოთა ჩეკამ შეაღწია ორგანიზაციის სხვადასხვა რგოლში და პატიმრობაში აიყვანა მრავალი შეთქმულთაგანი. განსაკუთრებით დიდ დარტმა მიადგა კომიტეტს 1923 წლის გაზაფხულზე, როდესაც დააპატიმრეს დამკომის თავ-რე ქარცივაძე და სამხედრო ცენტრის 15 წევრი, მ.შ. კოტე აფხაზი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვარდან წულუკიძე.
1923 წლის 19 მაისს ისინი დახვრიტეს თბილისში. ჩეკას ტყვეობაში აღმოჩნდნენ ასევე ემიგრაციიდან დაბრუნებული მენშევიკი მოღვაწეები , ნოე ხომერიკი და ვალიკო ჯუღელი.
1924 წლის აგვისტო აჯანყების უკანასკნელ დღეებში, 4 სექტემბერს, ჩეკამ მიაგნო დამკომის მთავარ შტაბს შიო მღვიმეს მონასტერში და დააპატიმრა მისი ლიდერები, მ.შ. თავ-რე კოტე ანდრონიკაშვილი. ისინი პირადად ლავრენტი ბერიამ, ამიერკავკასიის და საქართველოს ჩეკას უფროსის მოადგილემ, დაკითხა თბილისში და ხელი მოაწერინა მოწოდებაზე, რომელიც აღიარებდა აჯანყებას დამარცხებას და მოუწოდებდა პარტიზანულ რაზმებს დაეყარათ იარაღი. თავად სასიკვდილოდ განწირული შეთქმულები დათანხმდნენ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაუყოვნებლად გაიცემოდა მასობრივი რეპრესიების შეწყვეტის ბრძანება. მიუხედავად ამისა, წითელი ტერორი საქართველოში კიდევ დიდხანს გაგრძელდა. კომიტეტის წევრების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს. მხოლოდ მებრძოლთა მცირე ნაწილმა (მაგ., ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მიხეილ ლაშქარაშვილი) მოახერხა საზღვარგარეთ გახიზვნა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
• ვალერი ბენიძე (1991), 1924 წლის აჯანყება საქართველოში. თბილისი: სამშობლო
• Stephen F. Jones (October 1988). "The Establishment of Soviet Power in Transcaucasia: The Case of Georgia 1921-1928". Soviet Studies 40, No. 4: 616-639.
• Amy W. Knight (1993), Beria: Stalin's First Lieutenant, Princeton University Press, Princeton, New Jersey, ISBN 0691010935.
• David Marshall Lang (1962). A Modern History of Georgia, London: Weidenfeld and Nicolson.
• Markus Wehner (1995). "Le soulèvement géorgien de 1924 et la réaction des bolcheviks". Communisme n° 42/43/44: 155-170.