ტაო
ვიკიპედიიდან
ტაო ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მდებარეობს მდინარე ჭოროხის შუა დინების აუზში. პირველად მოიხსენიება ძვ. წ. 1112 წელს ასურულ წყაროებში “დაიაენის” სახელწოდებით. ურარტული წყაროები “დიაუხის” სახელით იცნობდნენ. ამ მხარეში ცხოვრობდნენ ქართველური ტომები: ტაოხები, ხალიბები, სკვითინები.
ძვ. წ. I ათასწლეულში ტაო შედიოდა კოლხეთის სამეფოში, IV-III სს-ში იბერიის ორგანული ნაწილი იყო, II ს-ში სომხეთი დაეუფლა. ახ. წ. I-II სს-ში ტაო კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაშია, IV-VII სს-ში მამიკონიანთა ფეოდალური საგვარეულოს სამფლობელო იყო. VIII ს-ში ტაო პოლიტიკურად ქართლის სამეფოს შეუერთდა, აქ გაიშალა ფართო სამონასტრო მშენებლობა, დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.
XII-XIII სს-ში ტაო საქართველოს სანაპირო საერისთავო იყო, XIII ს-ის მე-2 ნახევრიდან სამცხე-საათაბაგოშია, XIV ს-დან კვლავ ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. XVI ს-ის 50-იან წლებში სამცხე-საათაბაგოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა შეიერთა.