ქართლის ცხოვრება
ვიკიპედიიდან
ქართლის ცხოვრება, ძველი ქართული საისტორიო თხზულებათა კრებული, ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყარო. შეიცავს ქვეყნის ისტორიის გაბმულ თხრობას უძველესი ხანიდან. "ქართლის ცხოვრებაში" საყურადღებო ცნობები მოიპოვება სომხეთის, კავკასიის, ალბანეთის, ჩრდილო კავკასიის, აგრეთვე ირანის, თურქეთის, ბიზანტიისა და სხვა ქვეყნებისა და ხალხთა შესახებ.
XIX საუკუნეში ზოგიერთი მეცნიერი (ო. სენკოვსკი, ქ. პატკანოვი) უარყოფდა "ქართლის ცხოვრების" სიძველეს და ვახტანგ VI-ს მიაწერდა მის შედგენას. მ. ბროსემ, დ. ბაქრაძემ, ი. ჭავჭავაძემ არაობიექტურობაში ამხილეს "ქართლის ცხოვრების" კრიტიკოსები და დაასაბუთეს მათი მსჯელობის სრული უსაფუძვლობა. საყურადღებო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული "ქართლის ცხოვრების" შესახებ თ. ჟორდანიას, მ. ჯანაშვილს, ე. თაყაიშვილს, ს. კაკაბაძეს. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა "ქართლის ცხოვრების" შესწავლაში ი. ჯავახიშვილმა.