ყინწვისის მონასტერი
ვიკიპედიიდან
ყინწვისის მონასტერი — სამონასტრო ანსამბლი, რომლის ნაგებობათაგან დღემდე თითქმის თავდაპირველი სახით შემორჩა XIII საუკუნის დასაწყისის წმ. ნიკოლოზის ჯვაროვან-გუმბათოვანი, გეგმით მართკუთხა ტაძარი.
კომპლექსი მდებარეობს ქარელიდან და სოფ. ყინწვისიდან 10 კმ-ში, შიდა ქართლი, ძამას ხეობის ერთ-ერთ მაღლობზე. შედგება სამი ეკლესიისგან. ცენტრალური ტაძარი მიეკუთვნება მე-13 საუკუნის დასაწყისს და წმ. ნიკოლოზის სახელობისაა. ყველაზე მცირე ზომის ეკლესია ტაძრის დასავლეთით მდებარეობს, წმინდა გიორგის სახელობისაა და შუა საუკუნეებშია ნაგები. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ ეკლესიას დარაჯები იყენებდნენ საცხოვრებლად. ყველაზე ძველი ეკლესია მონასტრის ტერიტორიაზე თარიღდება მე-10-11 საუკუნეებით, მდებარეობს მონასტრის განაპირას და ღვთისმშობლის სახელობისაა. აქ მდებარეობს ძვირფასი ყინწვისის ღვთისმშობლის ფრესკა. ეს ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია და ფრესკას გამუდმებით აზიანებს ქარი, წვიმა და ყინვა. გალავანი, კარიბჭე და სამრეკლო მე-15 საუკუნით თარიღდება.
მთავარი ტაძარი საერთო იერით უახლოვდება ტიმოთესუბანს. ნაგებია აგურით, საკურთხევლის აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. შიგა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი, რომელთაგან აღმოსავლეთი მკლავის გარდა ყველა სწორკუთხაა. დასავლეთი მკლავი უფრო გრძელია. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით, რომლებზედაც ამოყვანილია 12-სარკმლიანი გუმბათის ყელი. სარკმლები შემკულია აგურის წყობით გამოყვანილი თაღებით. ტაძარს სამი შესასველი აქვს - ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის. შენობა შიგნით თავიდანვე შეულესავთ და მოუხატავთ, ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ რაც დარჩა, მხატვრული ღირსებით შუა საუკუნის ქართული მონუმენტური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელზე გამოსახეული არიან გიორგი III, თამარ მეფე და გიორგი ლაშა.
საკურთხევლის კონქში ღვთისმშობლის მონუმენტური ფრესკაა. ჩრდილოეთ კედელზე მაცხოვრის აღდგომის კომპოზიციიდან აღსანიშნავია ანგელოზის გამოსახულება. მომხიბლავია ფრესკების კოლორიტის ჰარმონიულობა. ფონისთვის გამოყენებულია მოცისფრო-მოლურჯო ტონი, შარავანდებისათვის - ოქრო. ფიგურები პლასტიკურია, სამოსის ნაოჭები მსუბუქი, სახეები - მეტყველი. კომპლექსის ნაგებობათაგან შემორჩა აგრეთვე XIII საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები (ფრესკებითა და კანკელით), განვითარებულია შუა საუკუნეების მცირე ეკლესია და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობანი.
მთავარ ტაძარში ფრესკების სიუხვეა. ტაძრის ოანდანტივებში გამოსახულია წელზევით მახარებლები მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. ჩრდილოეთის, სამხრეთის მკლავების კელდები და ღაღები მოკავებული აქვს ახალი აღთქმის სუჟეტებს. აქედან მაცხოვრის ცხოვრების ციკლს 12 სიუჟეტი უჭირავს. სამხრეთით გამოსახულია სარკმლით ორად გაყოფილი კომპოზიცია "ხარების", რომლითაც იწყება ახალი აღთქმის ციკლი. მთავარანგელოზი მის წინ მშვიდად ხელსაქმით მჯდომ ღვთისმშობელს ეუბნება "გიხაროდეს მიმადლებულო..."
გუმბათის ყელს 12 სარკმელი აქვს. სარკმლების კედლებზე გამოსახული წინასწარმეტყველები. აქვეა მირქმისა და ნათლისღების კომპოზიციები. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების სიუჟეტები თითქმის გამქრალია.
სამხრეთის კედელზე ეკლესიის მოდელით ხელში წარმოდგენილია ტაძრის აღმაშენებელი, თამარ მეფის ვაზირი, ანტონ გლონისთაის ძე მწიგნობართუხუცესი. ჩრდილოეთის კედელზე ტახტზე მჯდომი ქრისტეს პირდაპირ ვედრების პოზაში დგას თამარის მამა - მეფე გიორგი ("მეფეთა მეფე გიორგი"); შემდეგ თამარ მეფე და მეფისწული გიორგი ლაშა. სამეფო პორტრეტების შესრულების მანერა განსხვავდება ტაძრის დანარჩენი მხატვრობისგან. გიორგი ლაშას ფიგურის დიდი ნაწილი ჩამორეცხილია. თამარის სახისგან მხოლოდ პირველადი მონახაზია შემორჩენილი.