წითელფრთიანი კლდეცოცია
ვიკიპედიიდან
წითელფრთიანი კლდეცოცია (Tichodroma muraria), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 18 სმ. აქვს სადგისისებრი ნისკარტი, რუხი ზურგი, შავი ბოლო და სხეულის ქვედა მხარე, ჟოლოსფერ-წითელი, შავლაქებიანი ფრთები. გავრცელებულია ევროპისა და აზიის მთიანეთში. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყლების კლდეებზე, ვერტიკალურად ზღვის დონიდან 3000 მ-იდან 4700 მ-მდე, იშვიათად გვხვდება ღრმა, დაბურულ ხეობებში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე გავრცელებულია კარპატების, კავკასიია (მ.შ. საქართველო), შუა აზიისა და ალთაის მთიანეთში. ბუდობს კლდეების ნაპრალებში. ბუდეს იკეთებს ხავსის, ხმელი ბალახისა და ბალნისაგან. მაისში დებს 3-4 იშვიათად 5 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 17-18 დღე-ღამე გრძელდება. იკვებება მწერებით, მათი კვერცხებით, მატლებითა და ჭუპრებით, უფრო იშვიათად - ობობებითა და სხვა უხერხემლოებით. ზამთრობით ნომადობს ვერტიკალური მიმართულებით. მცირერიცხოვანი, მრავალ ადგილას იშვიათი ფრინველია.