ჰუმბოლდტი, ვილჰელმ
ვიკიპედიიდან
ვილჰელმ ფრაიჰერ ფონ ჰუმბოლდტი (* 22 ივნისი, 1767, პოტსდამი ― † 8 აპრილი, 1835, ტეგელი, ბერლინთან), გერმანელი ენათმეცნიერი, ესთეტიკოსი, ფილოსოფოსი, სახელმწიფო მოღვაწე. ბერლინის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. ზოგადი ენათმეცნიერებისა და ენის ფილოსოფიის ფუძემდებელი, 1801-1810 წლებში იყო პრუსიის რეზიდენტი პაპის კარზე; სარწმუნოებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი. მისი მოღვაწეობა აღინიშნა დაწებით სკოლაში ი. პესტალოცის მეთოდების შემოღებით, პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის გარდაქმნით. საშინაო საქმეთა ერთ-ერთი მინისტრი (1819). ეკლესიის გამგებლობას ჩამოაშორა სკოლა. მის ფილოსოფიურ-ისტორიულ შეხედულებებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურას, როგორც ორგანული მთლიანობას და ისტორიაში მოქმედ ხალხთა "სულს". ჰუმბოლდტმა საფუძვლიანად იცოდა მრავალი კონკრეტული ენა, მისთვის დამახასიათებულია ენებისადმი ინდექციური მიდგომა. ჰუმბოლდტის ძირითადი ნაშრომია "ადამიანური ენების აგებულების სხვადასხვაობისა და კაცობრიობის გონითს განვითარებაზე მისი გავლენის შესახებ", რომელიც სამტომიანი გამოკვლევის ("კავი ენის შესახებ კუნძულ იავაზე", 1836, 1838, 1839) შესავალს წარმოადგენს.
ჰუმბოლდტის მიერ წამოყენებულ იდეებს დღესაც არ დაუკარგავთ მნიშვნელობა. ასეთებია: საკომუნიკაციო და ექსპრესიული ფუნქციების აღიარება და ამასთან დაკავშირებით ენის ფიზიკური მხარის მნიშვნელობის გახაზვა; ენაში კოლექტიური და ინდივიდუალური საწყისების დაპირისპირება; ენის მიჩნევა სისტემად; ენის აღიარება არა მზამზარეულ წარმონაქმნად(ergon), არამედ წარმოქმნად. შემოქმედებად (energeia) და სხვა. ჰუმბოლდტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ენათა მორფოლოგიის კლასიფიკაციის დამუშავებაში. ჰუმბოლდტის თეორიის ზოგიერთ დებულებას ემყარება თანამედროვე ენათმეცნიერების 2 მიმდინარეობა: ნეოჰუმბოლდტიანელობა ევროპაში (ლ. ვაისგერბერი...) და ეთნოლინგვისტიკა აშშ-ში (ედ. სეპირი, ბ. უორფი...)