აბუსერისძენი
ვიკიპედიიდან
აბუსერისძენი, XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერისძე ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ წლებში იხსენიება. ამ დროს აბუსერისძენი ყოფილან კლარჯეთისა (არტანუჯის) და ხიხათა (აჭარის) ერისთავები და ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები. XI საუკუნის II ნახევარში მათ დაკარგეს ჯერ არტანუჯი, შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში იყვნენ მხოლოდ ხიხათა ერისთავთერისთავები. XIV საუკუნეში ცნობილია ამირსპასალარი ივანე აბუსერისძე († 1355). უკანასკნელად აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგის დიდებულთა სიაში.