ავსტრალიის დღე
ვიკიპედიიდან
ავსტრალიის დღე -- ავსტრალიის ოფიციალური ეროვნული დღესასწაული 26 იანვარს 1788 წლის ამ დღეს სიდნეის ყურეში პირველმოსახლეთა ხომალდთა ქარავნის შემოსვლის აღსანიშნავად.
ავსტრალიის დღე სახალხო დასვენების დღეა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოსაშვებ დღედ ფაქტიურ დღესთან უახლოეს ორშაბათს ნიშნავდნენ უიკენდის გასახანგრძლივებლად. ამჟამად ის მხოლოდ ფაქტიურ წლისთავს ემთხვევა. ამ დღეს მთელი ქვეყანა აღნიშნავს და ამ დროს გაიცემა ავსტრალიის ორდენი და წლის ავსტრალიელის ჯილდოები განსაკუთრებული მიღწევებისთვის. საჰაერო ძალების წარმოდგენა და პარადები იმართება ქვეყნის მთავარ ქალაქებში, რასაც დღის ბოლოს გრანდიოზული ფეიერვერკები აგვირგვინებს.
ამ დღესთან დაკავშირებით გარკვეული კრიტიციზმი არსებობს და მრავალთა აზრით ავსტრალიის ეროვნულ დღედ "ანზაკის დღე" უნდა დაინიშნოს, ან 1 იანვარი - 1901 წლის 1 იანვარს ავსტრალიის ექვსი კოლონიის ერთ ეროვნულ ფედერაციად გაერთიანების აღსანიშნავად. თუმცა ამ ცვლილებას შესაძლოა გარკვეული პრობელმებიც მოჰყვეს, ვინაიდან "ანზაკის დღე" ვეტერანთა მიერ საკუთარ მემორიალურ დღედაა მიჩნეული და მას ასევე აღნიშნავენ ახალ ზელანდიაში, კუკის კუნძულებზე, ნიუიში, სამოასა და ტონგაზე, ხოლო 1 იანვარი უკვე ისედაც გამოსაშვები დღეა და შობის სადღესასწაულო სეზონს ემთხვევა. 26 იანვარს ავსტრალიის დღის აღნიშვნის მომხრეთა აზრით ეს დღე სინამდვილეში ემთხვევა ისტორიულ თარიღს, თვით ანზაკის დღის, ბასტილიის დღის (საფრანგეთი) და 4 ივლისის (აშშ) მსგავსად და ეს დღესასწაულიც ამ თარიღს უნდა დაემთხვეს.