ათფეხა კიბოები
ვიკიპედიიდან
ათფეხა კიბოები (Decapoda), რიგი უმაღლეს კიბოსნაირთა კლასისა. მათთვის დამახასიათებელია თავთან შეზრდილი მკერდის წინა 3 სეგმენტი, რომელთა კიდურებსაც მოძრაობითი ფუნქცია დაკარგული აქვს და ყბაფეხებად არის ქცეული. მათი საშუალებით ცხოველი საჭმელს პირის ხვრელისკენ მიმართავს. ათფეხა კიბოები მოძრაობენ მხოლოდ მკერდის უკანა 5 წყვილი კიდურებით (აქედან წარმოდგება რიგის სახელიც).
ათფეხა კიბოები სხვადასხვა ზომისა არიან: მაგ., ღრმა ზღვის გიგანტური კიბორჩხალას გაშლილი ფეხების წვეროებს შორის მანძილი 3 მ აღემატება. კამჩატკური კიბორჩხალას ჯავშანი 25 სმ-მდე სიგანისაა. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ათფეხა კიბოები ცალსქესიანები არიან. იკვებებიან ცხოველებით, მცენარეებითა და მძორით.
მრავალი სახეობა ზოგიერთი პარაზიტული ჭიის შეამავალი მასპინძელია. ცნობილია ათფეხა კიბოების 8500-მდე სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებსა და ოკეანეებში, ზოგი - მტკნარ წყალში, ზოგი ტროპიკული სახეობა კი - ხმელეთზე. ზღვის ათფეხა კიბოებით იკვებებიან ნაირგვარი სარეწაო თევზები და ფარფლფეხიანები. ათფეხა კიბოები მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული. შავ ზღვაში გვხვდება მათი 36 სახეობა. საქართველოში არსებულ სახეობათაგან არსანიშნავია ქუთაისური გვერდულა (Troglocaris kutaisiana - ნაპოვნია ქუთაისის მახლობელ მღვიმეებში) და კოლხური კიბი (Astacus colchicus - გვხვდება რიონის აუზში). ათფეხა კიბოებს სარეწაო მნიშვნელობა აქვს (მსოფლიოში წლიური რეწვა 1 მლნ.-მდე ტ-ს შეადგენს). მის ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს მეთევზეობისათვის.