ართვინი (ქალაქი)
ვიკიპედიიდან
ართვინი ქალაქი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ჭოროხის ნაპირზე, ბათუმიდან 50 კმ. ართვინის პროვინციის (ყოფილი ლაზისტანი) დედაქალაქი. მოსახლეობა -- 23.157 ადამიანი.
ართვინი ფეოდალური საქართველოს ისტორიული პროვინციის კლარჯეთის ქალაქი იყო. მდებარეობდა მეტად მნიშვნელოვანი გზების შესაყარზე. ერთმანეთთან აკავშირებდა, ერთი მხრით, კარნუ-ქალაქს (არზრუმს), ბაიბურთს, არტაანს, არტანუჯსა და, მეორე მხრით, ბათუმ-გონიოსა და ხუფათს. მდ. ჭოროხის აუზი და, კერძოდ, ართვინი ძველტაგანვე კოლხეთის ბრინჯაოს მეტალურგიის მნიშვნელოვანი კერა იყო. ამ ადგილას ჯერ კიდევ გვიანდელი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა დასახლება, რომელიც VIII-IX საუკუნეებში ფეოდალური ქალაქი გახდა. ართვინი თავდაპირველად ქართველთა საკურაპალატოს ეკუთვნოდა, შემდეგ გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. ერთიანუ ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს მნიშვნელოვან ქალაქად ითვლებოდა. XVI საუკუნის ბოლოდან, სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონების შემდეგ, ართვინი დაკნინდა. 1878 წლიდან შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში როგორც ოკრუგის ცენტრი.1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან ართვინი ისევ თურქეთის საზღვრებშია.