ბადრიაშვილი, ნიკოლოზ
ვიკიპედიიდან
ბადრიაშვილი, ნიკოლოზ იესეს ძე (* 1892, თბილისი ― † 12 აპრილი, 1961, იქვე), ქართველი ისტორიკოსი, სამუზეუმო საქმის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1911 დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. 1912-იდან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებელში ელექტრომექანიკის განყოფილებაზე. I მსოფლიო ომის (1914-1918) დროს არმიაში მსახურობდა. იყო პოლკის სკოლის ბიბლიოთეკის და ჯარისკაცთა თეატრის გამგე. ამავე დროს "ავლეველის" ფსევდონიმით თანამშრომლობდა პრესაში: ბეჭდავდა ლექსებს, მოთხრობებს, ფელეტონებს. 1921-ის წლის შემდეგ ერთხანს გორის სახალხო სახლს განაგებდა. 1923 დაევალა თბილისის კომუნალური (1943-იდან თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული) მუზეუმის აღდგენა და რეორგანიზაცია. 1958 ბოლომდე იყო ამ მუზეუმის დირექტორი. 1929-1932 განაგებდა აგრეთვე მაქსიმ გორკის სახლ-მუზეუმსა და ძველი თბილისის ნაკრძალს. ბადრიაშვილმა დიდი ღვაწლი დასდო სამუზეუმო-საგამოფენო საქმის განვითარებას საქართველოში. მისი ხელმძღვანელობით მოეწყო მრავალი სტაციონარული გამოფენა თბილისში, რესპუბლიკის სხვა ქალაქებსა და რაიონების მეზეუმებში. ბადრიაშვილს ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი და მრავალი საჟურნალ-გაზეთო სტატია თბილისის, მისი ქუჩებისა და უბნების ისტორიაზე. რამდენჯერმე აირჩიეს თბილისის საქალაქო და რაიონული საბჭოების დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.