ბაიათი
ვიკიპედიიდან
ბაიათი, ლირიკულ-სატრფიალო ხასიათის სპარსულ-აზერბაიჯანული რომანსი-სიმღერა. ბაიათს, როგორც წესი, საფუძველი უდევს რვა ტაეპისაგან შემდგარი შვიდმარცვლიანი ლექსი, გარითმული ასეთი სქემით ააბა. მღერიან ხმის მაღალ რეგისტრში, აქვს ფართო დიაპაზონის მელოდიური ქარგა, ელეგიური, სევდიანი, მღერადი ჰანგი. მდიდარია მელიზმებით. ბაიათს უპირატესად აშუღები ასრულებდნენ მუსიკალური საკრავების (საზი, თარი, ქამანჩა) თანხლებით.
ბაიათი XVIII-XIX საუკუნეებში აღმოსავლეთ საქართველოშიც, განსაკუთრებით თბილისში ყოფილა გავრცელებული. აქ მას ქართული ქალაქური სასიმღერო ლირიკის ზემოქმედება განუცდია. ქართული ბაიათის ტიპური ნიმუშია "ორთავ თვალის სინათლევ". საქართველოში ბაიათს ასრულებდნენ თბილისელი აშუღები: ჰაზირა, საგინაშვილი, მაჩაბელი, ჭიპრ-დალაქიშვილი და სხვები.