ბაკურაძე, კარლო
ვიკიპედიიდან
ბაკურაძე, კარლო ნიკოლოზის ძე (* 14 იანვარი, 1927, თბილისი),ქართველი მხატვარ-რესტავრატორი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1974). დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1952) ქანდაკების სპეციალობით. 1954-იდან მუშაობს მხატვარ-რესტავროტარად, ამავე წლიდან მონაწილეობს გამოფენებში. მოღვაწეობს როგორც ფერმწერი (უმთავრესად მოზაიკის დარგში) და მოქანდაკე. ბაკურაძემ გაამაგრა და აღადგინა გელათის (1957), მარტვილის (1958-1959), მანგლისის (1960), ვარძიის (1960-1961), ატენის სიონის (1960-1961, შ. აბრამიშვილთან ერთად), სამთავროს (1961), სამთავისის (1961), ბიჭვინთის (1963), ყინწვისის (1963-1965), ალავერდის (1965-1969), ტიმოთესუბნის (1969-1970), ალვანის ნათლისმცემლის (1975), ძველი შუამთის (1975), ზემო კრიხია (1977), ბეთანიის (1979-1980), ნიკორწმინდის (1991, მიწისძვრის შემდეგ), რუისპირის წმ. შიოს (1992-1993) და სხვა ეკლესიების კედლის მხატვრობა. ბაკურაძემ 4 წელი (1986-1990) იმუშავა გელათის მოზაიკის - ამ უნიკალური ძეგლის - აღდგენა-გამაგრბაზე. ბაკურაძემ შექმნა შოთა რუსთაველის (მწერალთა კავშირი, 1959), დავით აღმაშენებლის (თბილისის სასულიერო აკადემია, 1986), გ. ჩუბინაშვილის (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, 1987) პორტრეტები (მოზაიკა), გ. ჩუბინაშვილის ბიუსტი (თსუ-ის ეზო) და სხვა. შესრულებული აქვს ფრესკის პირები. საერთაშორისო საატესტაციო კომისიამ 1979 ბაკურაძეს მიანიჭა უმაღლესი კატეგორიის მხატვარ-რესტავრატორის საპატიო წოდება.