ბაკურია, მურთაზ
ვიკიპედიიდან
ბაკურია, მურთაზ ვიქტორის ძე (* 13 თებერვალი, 1933, სოფ. ძველი აბაშა, აბაშის რაიონი ― † 15 აგვისტო, 1992, თბილისი), ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1980). დაამთავრა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი (1956). 1956-1962 კომკავშირულ სამუშაოზეა,1965-1967 საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლანდელი ტექნიკური უნივერსიტეტი) ფილოსოფიის კათედრის მასწავლებელი, 1967-1979 თსუ დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის დოცენტი, 1980-იდან ამავე კათედრის პროფესორი.
ბაკურიას კვლევის ძირითადი სფეროები: კატეგორიოლოგია, დიალექტიკის თეორია, დიალექტიკის ლოგიკა და თანამედროვე დასავლეთ ფილოსოფიის ანალიზი. ფილოსოფიური დისციპლინათა სისტემაში იგი ცალკე გამოყოფდა კატეგორიოლოგიას, რომელსაც მიიჩნევდა მოძღვრებად კატეგორიული განსაზღვრულობის ბუნების, მისი ისტორიული გენეზისისა და განვითარების კანონზომიერების შესახებ.