ბარდა (ქალაქი)
ვიკიპედიიდან
ბარდა, ბარდავი (აზერბ. Bärdä), (არაბ. - ბერდაა, სომხ. - პარტავი), ქალაქი აზერბაიჯანში, ყარაბაღის ვაკეზე, მდინარე ტერტერის ორივე ნაპირას, ბარდის რაიონის ცენტრი.
დღევანდელი ბარდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისტორიული ბარდის ნანგრევებია. როგორც ჩანს, ქალაქი აქ უკვე IV საუკუნეში არსებობდა. V საუკუნეში ბარდა ალბანეთის მეფეების და ალბანეთის ქრისტიანული ეკლესიის სატახტო ქალაქი იყო, ისევე როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი. VIII საუკუნის დასაწყისში არაბებმა დაიპყრეს. ქალაქი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა და მსხვილი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. X საუკუნეში სალარიდებს ემორჩილებოდა, იმავე საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსულმა რუსებმა დაიკავეს. 1192-1193 წლებში ქართველთა ჯარმა დალაშქრა. შემდგომ საუკუნეებში განუწყვეტელი ომების შედეგად ქალაქი დაკნინდა. XVIII საუკუნის I ნახევარში თათარ-მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ბარდა სოფლად გადაიქცა. ბარდაში შემონახულია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - მავძოლეუმი (1322, ხუროთმოძღვარი აჰმედ ეიუბ ალ-ჰაფიზ-ოღლუ). მდიდრულად შემკული ორპორტალიანი, აგურით ნაგები ცილინდრული ფორმის კოშკი მოპირკეთებულია უბრალო და მოჭიქული აგურით. იქვე ახლოს მეორე, ე. წ. ახსადანბაბას (XIV ს.) მავზოლეუმის ნანგრევებია (როგორც ჩანს, აგებულია იმავე ხუროთმოძღვრის მიერ), შემორჩენილია აგრეთვე იმამ-ზადეს მავზოლეუმ-მეჩეთი (XVII-XIX საუკუნეები).