ბედიის მონასტერი
ვიკიპედიიდან
ბედიის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ოჩამჩირის რაიონში (აფხაზეთი). სამონასტრო კომპლექსის ცენტრში ტაძარია. გადარჩენილი ორნამენტული ფრაგმენტების მიხედვით იგი თავდაპირველად X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. ახლანდელი ნაგებობა XIII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება. ტაძარი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია სამი შესასვლელითა და ვიწრო გვერდის ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების კუთხეებზე. აღმოსავლეთ ფასადზე ორი მცირე ნიშია. ფასადები კარგად გათლილი ქვითაა მოპირკეთებული. შიგნით წყობა უხეშია, ეტყობა, იმთავითვე იყო კედლების მოხატვა გათვალისწინებული. ტაძრის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახულია ქტიტორი - ბაგრატ III (ეკლესიის მოდელით ხელში) და დადიანთა გვარის წარმომადგენლები, ალბათ, ადგილობრივი ფეოდალის ოჯახი. მოხატულობა სხვადასხვა ქრონოლოგიურ ფენას განეკუთვნება - XIII-XIV საუკუნეებს და უფრო გვიანდელ ხანას (ზოგი მკვლევრის აზრით, XI საუკუნის ფენაც შეინიშნება), მონასტრის დასავლეთ მხარეს საკმაოდ დიდი სასახლეა, ხოლო ჩრდილოეთი შესასვლელი კარის თავზე XIV საუკუნის სამრეკლო.