ბერძნიშვილი, მაქსიმე
ვიკიპედიიდან
მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილი (* 21 აგვისტო, 1889, თბილისი ― † 27 აპრილი, 1967, იქვე), ქართველი ისტორიკოსი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
1910 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1912-1916 წლებში სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა მდივნის მოადგილედ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში. 1918 წლიდან მასწავლებლობდა. 1921-1925 წლებში მუშაობდა შრომის სახკომში, განსახკომში, თბილისის აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილებაში. დიდი შრომა გასწია ქართულ საადმინისტრაციო-საკანცელარიო ტერმინოლოგიის შესაქმნელად. 1925-1932 წლებში იყო საქართველოს წიგნის პალატის გამგე, შემდეგ გამგის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა წიგნის პალატის ორგანოები:"ბიბლიოგრაფიის მოამბე", "წიგნის მატიანე", "გაზეთის მატიანე". 1932-1934 წლებში ბერძნიშვილი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში სიტყვანის განყოფილების გამგედ. 1937 მონაწილეობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. 1934-1954 წლებში თსუ-ში, სოხუმის, გორისა და ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტებში კითხულობდა ლექციების კურსს ძველი აღმოსავლეთისა და საბერძნეთ-რომის ისტორიაში. 1945 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლიგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. მისი გამოკვლევა "ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის" (1941, გამოქვეყნდა 1969) პირველი ქართული მონოგრაფიაა ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქების შესახებ. პარალელურად ბერძნიშვილი იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ისტორიას.