ბზიფი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ბზიფი" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ბზიფი (მრავალმნიშვნელოვანი) |
ბზიფი (ძველი სახელწოდება - "კაპოეტისწყალი") — მდინარე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, უღელტეხილ ადანგესთან. სიგრძე 110 კმ, აუზის ფართობი 1510 კმ2. ზემო დინებაში ხეობა ვიწრო და ღრმაა. გამომუშავებულია ტექტონიკური რღვევის ხაზის გასწვრივ ქვედა იურულ თიხაფიქლებისა და ქვიშაქვებში, აგრეთვე ბაიოსის პორფირიტულ წყებაში. სოფელ ფსხუსთან ხეობა განიერდება და მდინარე იტოტება. ქვემოთ ქეობა ვიწრო, ზოგან კანიონისებრია, სოფელ ბზიფთან დაბლობზე გამოდის და ერთვის შავ ზღვას ბიჭვითის კონცხთან. წყლის საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 99 მ3/წმ. საზრდოობს წვიმის (37,2%), მიწისქვეშა (32,2%) და თოვლის (30,6%) წყლით. წყალდიდობა გაყაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. ბზიფის შენაკადებია ბავიუ და გეგა.
მდინარე იუფშარას ზემო წელზე, რომელიც ბზიფის აუზს ეკუთვნის მდებარეობს რიწის ტბა. ტბისკენ შავიზღვისპირა გზატკეცილიდან მიემართება საავტომობილო გზა, რომელიც ნაწილობრივ ბზიფის ხეობაში გადის. მდინარე ბზიფი არის პოპულარული ტრასა წყლის ტურიზმისთვის.