გუდარეხი
ვიკიპედიიდან
გუდარეხი, სოფელი თეთრი წყაროს რაიონში, ბედენის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე გუდარეხისწყლის (ალგეთის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1100 მ, თეთრი წყაროდან 8 კმ.
გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი - სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938-1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI-XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოცენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონერა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.
სამონასტრო კომპლექსში შედის ერთნავიანი ეკლესია და სამრეკლო. ეკლესია რუსუდანის მეფობის დროს - 1222-1245 წლებში აუგია ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს. ნაშენია კარგად გათლილი კვადრებით, მოპირკეთებული ფასადები მდიდრულად არის მოჩუქურთმებული. შემორჩენილია კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. აღმოსავლეთის ფასადს ამკობს ორი სამკუთხა ნიში; სარკმლის თავზე დიდი მოჩუქურთმებული ჯვარია, ქვემოთ კი - მოჩუქურთმებული კვადრატები. გარედან ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონია - სამხრეთით კარიბჭე, ჩრდილოეთით ეგვტერი (ამჟამად ორივე დანგრეულია). ორსართულიანი სამრეკლო აგებულია 1278 წელს დიმიტრი თავდადებულის ხანაში. ეს ყველაზე ადრინდელი დათარიღებული სამრეკლოა საქართველოში. სამრეკლოს ქვედა სართული ღიაა, ზემოთ რვამალიანი ფანჩატურია, ხოლო მათ შუა - სადგომი. გუდარეხის ეკლესიის მოჩუქურთმებული კანკელის ფრაგმენტები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.