ერატოსთენე
ვიკიპედიიდან
ერატოსთენე (დაახლ. ძვ. წ. 276 ― † ძვ. წ. 194), ძვ. ბერძენი მეცნიერი, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
დაიბადა ქალაქ კირენეში, განათლება მიიღო ალექსანდრიასა და ათენში. კალიმაქეს სიკვდილის შემდეგ განაგებდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას. დაინტერესებული იყო ფილოლოგიით (ეს სიტყვა პირველად მან იხმარა "გრამატიკის" ნაცვლად), მათემატიკით, ასტრონომიით, ქრონოლოგიით, გეოგრაფიით, ფილოსოფიით, მუსიკით. ერატოსთენემ პირველმა გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე. ჩამოაყალიბა მათემატიკური გეოგრაფიის საფუძვლები, შეიმუშავა მარტივ რიცხვთა მოძებნის მეთოდი, ე.წ. "ერატოსთენეს საცერი", დაადგინა საბერძნეთის ისტორიის ძირითადი თარიღები. ერატოსთენეს ეკუთვნის ნაშრომები "ძველი კომედიის შესახებ" (12 წიგნად), "ქრონოგრაფიათა შესახებ" (9 წიგნად), "გეოგრაფია" (3 წიგნად). მისი ნაწერებიდან ნაწყვეტებია შემორჩენილი.