ვარაზი, ავთანდილ
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს " ვარაზ" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ვარაზ |
ავთანდილ ვასილის ძე ვარაზი (ვარაზაშვილი)(* 25 ოქტომბერი, 1926, თბილისი ― † 4 მარტი, 1977, თბილისი), საბჭოთა ეპოქის ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1967). დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (1952). ძირითადად მუშაობდა პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში. ვარაზის ფსიქოლოგიური პორტრეტები გამსჭვალულია ადამიანისადმი ღრმა თანაგრძნობით("ბუკინისტი", 1968; თვითნასწავლი მხატვრის ვ. რურუას პორტრეტი, 1964 და სხვ; ყველა მხატვრის კუთვნილება). ვარაზის ნატურმორტებისათვის დამახასიათებელია მონოქრომიზმი, კომპოზიციის სისადავე, საგნებისა და სივრცის ორგანიზებული ერთიანობა ("მსხლები", 1973; "ნატურმორტი ლიმონით", 1973; "ყურძენი და ქილა", 1972. ყველა მხატვრის კუთვნილება). 1966-1967 საქართველოს ისტორიის მუზეუმში ვარაზმა მაღალმხატვრულად, ორიგინალურად გააფორმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების ექსპოზიცია. მხატვრულად გააფორმა აგრეთვე კინოფილმი "ფიროსმანი", სადაც, ფიროსმანის როლი მანვე შეასრულა (1970).